ანა ნაცვლიშვილი – სააკაშვილი მართლა რომ არ შიმშილობდეს, გვეცოდინებოდა როდის, რამდენი გრამი შეჭამა, „ქართული ოცნება“ ამ კადრებს ააფრიალებდა

კონსილიუმის წევრ ადამიანებს ხელისუფლებამ ნდობა გამოუცხადა, როდესაც მათ დადეს დასკვნა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არის გადასაყვანი და უცებ ეს კონსილიუმი აღარ მოეწონათ, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„რა არის მოთხოვნა? მოთხოვნა არის ის, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს სააკაშვილი და მისი გადაყვანა მოხდეს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ეს მოთხოვნა ვინ დააყენა? ეს მოთხოვნა დააყენა ამ ხელისუფლების მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა. ეს ხალხი თუ მათთვის სანდო არ იყო და მიკერძოებულები იყვნენ, რატომ შეიყვანეს კონსილიუმში? ანუ ამ ადამიანებს ხელისუფლებამ ნდობა გამოუცხადა, როდესაც მათ დადეს დასკვნა, რომ სააკაშვილი არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში და უცებ ეს კონსილიუმი აღარ მოეწონათ. სად არის აქ ლოგიკა? აქ არანირი ლოგიკა არ არის“ , – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილი თქმით, ის განცხადებები, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთდება, სამარცხვინოა.

„რასაც ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ, როგორც იქცევა და მოქმედებს ხელისუფლება, ეს პროცესი საერთოდ არ ჰგავს მართლმსაჯულებასთან რაიმე კავშირში მყოფ პროცესს. ის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც კეთდება, მათ შორის ირონიის ტონი, სამართალს რომ თავი დავანებოთ, სრულიად ჰუმანურ და ეთიკურ პრინციპებს გაცდენილი, ქილიკი და ღლიცინი, არის უკიდურესად სამარცხივნო, მათ შორის მდინარაძის და არამარტო, პრემიერის, რომელმაც გასცა თვითმკვლელობის უფლება. აქამდე რაც ვნახეთ, „ქართულ ოცნებას“ პერსონალური მონაცემები პატიმარ სააკაშვილის არ შეუნახავს. დალეული არ ჰქონდა თაფლიანი წყალი, ზუსტი გრამები რომ მოგვაწოდეს პირდაპირ ეთერში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონი ან მორალი შეაკავებდა ის, რომ იქ მართლა არ შიმშილობდეს, ყველა დეტალი გვეცოდინებოდა როდის რამდენი გრამი შეჭამა, უბრალოდ ინფანტილურია. „ქართული ოცნება“ ამ კადრებს ააფრიალებდა ყველას ცხვირწინ, როგორც არაერთი აუფრიალებია“ , – განაცხადა ნაცვლიშვილმა.