პაატა მანჯგალაძე: საჭიროა კოორდინაცია და არა მოწოდება პარლამენტიდან გამოსვლაზე, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა დღის წესრიგზე შევთანხმდით

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა.

„იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭიროა კოორდინაცია და არა მოწოდება პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ. ასე არ ხდება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა დღის წესრიგზე ვართ შეთანხმებული. ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება. თუ ეს ცვლილება ჩავარდება, მაშინ მოქმედების რა ფორმა უნდა ავირჩიოთ, ამაზე გვჭირდება არგუმენტები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის შეფასებით, თუ ოპოზიცია პარლამენტიდან გავა დარჩება მაჟორიტარული სისტემა, რაც შერეულია და რითაც წარმატებას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ 30 მაჟორიტარის პირობებში. „ამ შემთხვევაში იგივე წრეზე ხომ არ შევალთ? ამიტომ ხომ არ სჯობს ჯერ დავფიქრდეთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.