კახა კალაძე: ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი – მე ვარ უკლებლივ ყველა თბილისელის მერი

მინდა, თბილისელებს გულითადი მადლობა გადავუხადო ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი და მადლობა მათაც, ვინც სხვა მერობის კანდიდატებს მისცა ხმა, თუმცა თბილისის უკეთესი ხვალინდელი დღე სურთ და მზად არიან ამ ქალაქის განვითარებისთვის, საკუთარი წილი აგური დადონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველა თბილისელის მერი და ამასთან ერთად, მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ და მიმზიდველ ქალაქად ვაქციოთ. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისის – ჩემიანებად და სხვისიანებად, ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას.

ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ, ერთად გავხადოთ თბილისი იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის.

ჩვენ ვართ კომუნიკაციისთვის ღია და გახსნილი გუნდი, რომელიც მზად არის, ყველა თაობის ადამიანს მოუსმინოს და ახალი ინიციატივები გაიზიაროს. მე და ჩემი გუნდი, პროფესიონალი და პატიოსანი საჯარო მოხელეები, თბილისისთვის მშრომელი ადამიანები დღეიდანვე ვიწყებთ მუხლჩაუხრელ შრომას და საქმის კეთებას. პირველივე ნაბიჯები იქნება ძალიან აქტიური და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც საზოგადოება სულ მალე დაინახავს. ჩვენ დღეიდანვე უნდა შევუდგეთ საქმეების კეთებას და პროგრამული დაპირებების შესრულებებს. ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, სწრაფად და დროულად უნდა შესრულდეს. მე ვიქნები ამ ყველაფრის გარანტი და თქვენთან, საზოგადოებასთან ერთად აბსოლუტურად ყველა პროექტს პირადად გავაკონტროლებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.