თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტების გამოყენება აკრძალა

თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტების გამოყენება აკრძალა, რათა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კოლაფსის შეჩერება შეძლოს, – ამის შესახებ BBC იუწყება.

„ეკონომიკური სიტუაცია და ეროვნული ინტერესები საჭიროებს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას ავღანური ვალუტა გამოიყენოს. ვინც ამ ბრძანებას დაარღვევს, შესაბამისად დაისჯება“, – აცხადებს დაჯგუფება თალიბანი.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. გაქცეული პრეზიდენტი ოჯახთან ერთად თავს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აფარებს. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთი დაიკავა და საკუთარი მმართველობა აღადგინა ქვეყანაში არაერთი კანონი გამკაცრდა. 24 სექტემბერს ავღანეთში სიკვდილით დასჯა აღდგა. 27 სექტემბერს თალიბანმა კი ავღანეთში წვერის გაპარსვა აკრძალა.