ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცა – რას გულისხმობს ახალი პაკეტი?

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს.

გადაწყვეტილება ახალი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაზე ევროკავშირის ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ხელი მოაწერა.

სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთის ხელისუფლებასა და ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერებას და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას – ამის შესახებ EU-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ჩვენ კიდევ უფრო ვურტყამთ რუსეთის ეკონომიკას, ვზღუდავთ იმპორტ/ექსპორტის შესაძლებლობებს და რუსეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისგან თავის დაღწევის სწრაფ გზაზე ვართ” – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიაზე პასუხისმგებელ პირებს.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს: ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილი ფასის ზღვრამდე, რუსეთიდან ფოლადისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტს, ხის მერქნისა და ქაღალდის იმპორტს, ტექნიკისა და ხელსაწყოების იმპორტს, შუალედური ქიმიკატების, პლასტმასის და სიგარეტის იმპორტს კრძალავს.

სანქციები ასევე ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტ პირს, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც სანქციების თავიდან აცილებაში მონაწილეობს.

ამასთან, ევროკავშირის სანქციები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეჟიმებზეც გავრცელდება. ისინი შეეხება უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც სანქციების თავიდან აცილებაში მონაწილეობს.

რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს სექტემბერში მხარი დიდი შვიდეულის – მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებმაც დაუჭირეს.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ამ შეზღუდვების დაწესებით, რუსეთი ნავთობს საზღვარგარეთ მსხვილ მომხმარებლებს შედარებით დაბალ ფასად მიჰყიდის და საბოლოოდ რუსეთს შეუმცირდება ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი. ამ ფინანსებს კი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში იყენებს.