რუსეთი ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და აღარ აწარმოებს ომს, ან აღარ ექნება ფული ომების დასაწყებად – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვისთვის.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ან პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და აღარ აწარმოებს ომს, ან აღარ ექნება ფული ომების დასაწყებად.

„აშშ-მა გადადგა ნაბიჯი, რომელიც საგრძნობლად შეასუსტებს ოკუპანტებს, აიძულებს, გადაიხადონ აგრესიისთვის, პასუხი აგონ მათ მიერ ჩადენილ ბოროტებაზე. ამერიკა კრძალავს რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტების, გაზის, ქვანახშირის იმპორტს; უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს რამე სახის ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. მე, პირადად, მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ამ გადაწყვეტილებისთვის, ამ ლიდერობისთვის, მთელი მსოფლიოსადმი ამ მაქსიმალურად ძლიერი სიგნალისთვის. ის ძალიან მარტივია, რუსეთისთვის გადახდილ ყოველ ცენტს ის აქცევს ტყვიებად და ჭურვებად, რომლებიც სხვა სუვერენული სახელმწიფოებისკენ მიფრინავს. ან რუსეთი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და აღარ აწარმოებს ომს, ან მას აღარ ექნება ფული, ომების დასაწყებად. იპოვიან სხვა ბენზინგასამართ სადგურს, თუმცა აშშ-ის მიერ ნავთობს იმპორტის აკრძალვა შეასუსტებს ტერორისტ სახელმწიფოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად, რადგან ეს ეხება თავისუფლებას, მომავალს და იმას, თუ სად წავა მთელი მსოფლიო. რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აკრძალვას აწესებს დიდი ბრიტანეთიც. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს პრინციპულობისთვის.

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას მე გავიხსენე სხვა რთული პერიოდები, როგორიცაა მათ შორის 1940 წელი, როდესაც ტირანია ემუქრებოდა, როგორც ფიქრობდა, პატარა კუნძულს და დარწმუნებული იყო, რომ კუნძული ვერ გაუძლებდა სასტიკ დარტყმებს, დაბომბვებს და ბლოკადას. გამოვიდა ისე, რომ კუნძულმა შეძლო მეტი, ვიდრე ტირანიამ. ვინაიდან გააჩნდა სიბრძნე, სიმტკიცე, მეგობრებო, ძალა და სჯეროდა მომავლის, თავისი მომავლის და ევროპაში თავისუფლების ისევე, როგორც ჩვენ გვჯერა, როგორც ჩვენ ვიბრძვით და როგორც ჩვენ გავიმარჯვებთ. მსოფლიოს არ სჯერა რუსეთის მომავლის, პერსპექტივის, არ საუბრობს მაზე. ისინი საუბრობენ ჩვენზე, გვეხმარებიან ჩვენ, მზად არიან, მხარი დაუჭირონ ჩვენს აღდგენას ომის შემდგომ. ვინაიდან ყველამ დაინახა, ასე გმირულად მებრძოლი ხალხისთვის აუცილებლად დადგება ომის შემდგომი პერიოდი. იქნება მარშალის ახალი გეგმა უკრაინისთვის. დასავლეთი ჩამოაყალიბებს მხარდაჭერის პაკეტს. უკვე ველოდებით მკაცრ სასანქციო გადაწყვეტილებებს ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ ამ ომისთვის, რომელსაც მისი ავტორები ჯერ კიდევ ინანებენ. ეს აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და გადიან ქუჩებში, იბრძვიან „უკრაინაში, საკუთარი თავისთვის და მშვიდობისთვის“.

„ომი უნდა დასრულდეს, უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გულწრფელი და საგნობრივი მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც იქნება ხალხის ინტერესებში და არა მოძველებული მომაკვდინებელი ამბიციების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.