აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა.

ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით მშობელს შვილების ვაქცინაცია სურს და ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ახლა რეკომენდაციას ვიძლევით, რომ დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის რისკი ძალიან მაღალი და ძალიან გამანადგურებელია ბავშვებისთვის, ხოლო სკოლების დახურვამ საზიანო გავლენა მოახდინა ბავშვების სოციალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

პედიატრიულ ვაქცინაციას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ყველაფრის შეცვლაში“, – აღნიშნა მან.

მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საკონსულტაციო საბჭომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.