„მწვანე პასპორტის“ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, კონცეფცია დამუშავებულია – თამარ გაბუნია

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, უკვე დაწესებული რეგულაციების აღსრულების გარეშე დამატებითი შეზღუდვების დაწესება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „მწვანე პასპორტის“ შემოღების მიმართულებით, რომელიც ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს.

„მწვანე პასპორტის“ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.