პირველად მსოფლიოში, გაერთიანებულმა სამეფომ კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა

გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო მარეგულირებელმა კოვიდის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა.

ტაბლეტი, სახელად „მოლნუპირავირი” იმ მოწყვლადმა პაციენტებმა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ დღეში ორჯერ უნდა მიიღონ.

ამ აბებმა, რომლებიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შექმნეს, კლინიკურ ცდებში სიკვდილისა და ჰოსპიტალიზების რისკი გაანახევრა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ეს პრეპარატი თამაშის წესებს შეცვლის დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის.

„ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაამტკიცა ისეთი ანტვირუსული საშუალება, რომლის მიღებაც კოვიდინფიცირებულებს სახლშიც შეეძლებათ“, — ამბობს განცხადებაში ჯავიდი.

მოლნუპირავირი ერთობლივად შექმნეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა — Merck, Sharp and Dohme-მა (MSD) და Ridgeback Biotherapeutics-მა. ის კოვიდის სამკურნალო პირველი ორალური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აბის სახით მიიღება და არა შიდავენური ინექციით.

პრეპარატი მიეწოდება ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი თავის ასლების შესაქმნელად იყენებს — წამალს მის გენეტიკურ კოდში ხარვეზები შეაქვს. შედეგად, ის გამრავლებას ვეღარ ახერხებს, ვირუსს სხეულში დაბალი კონცენტრაციით ტოვებს და შესაბამისად, დაავადების სიმწვავეს ამცირებს.