თაკო ჩარკვიანი: სახელმწიფო არის მიტაცებული და მისი დაბრუნების ერთადერთი ფორმა არის ამბოხი, ჯანყი – შიმშილობას ჩვენ შევუერთდებით

„ელენე ხოშტარიას პროტესტს მივესალმები, უფრო მეტიც, ეს არის ძალიან ვაჟკაცური და სწორი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს. გააჩნია, პროცესი როგორ გაგრძელდება. თუ არადა, ჩვენც შევუერთდებით და ეგ იქნება”, – ამის შესახებ  პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა  თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო არის მიტაცებული და ერთადერთი ფორმა, რითაც შეიძლება, სახელმწიფო დაიბრუნო, არის ამბოხი, ჯანყი.

„სახელმწიფო არის მიტაცებული და რა ფორმაა ის, რითაც შეიძლება, სახელმწიფო დაიბრუნო? – ეს არის ერთადერთი ამბოხი, ჯანყი. ამ სიტყვის ძალიან ეშინიათ, სუსი-ს განცხადება ვნახე და სუს-ი კონვენციას ეწინააღმდეგება, რადგან კონვენციით მონიჭებული უფლებაა, კონვენციაში ასე წერია – ჯანყის უფლება. ეს არის არა შეიარაღება, არამედ დიდი რაოდენობის ხალხი სხვადასხვა ლოკაციაზე, არგაჩერება და პერმანენტული აქციები. ეს არის, რითაც შეიძლება, მიტაცებული სახელმწიფო დაიბრუნო.

ბევრი ვიცით, ვინც მულტიფუნქციურ კლინიკებში გადაიყვანეს – მაღალჩინოსნების ნათესავები. მესამე პრეზიდენტს თანმდევი დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდად არის შეფასებული, ორი დღის წინ ვნახე და რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგად. ის არ გადაჰყავთ ნორმალურ კლინკაში და ციხის კლინიკაში შესაბამისი სერვისები არ არის. ეს არის წამების ფორმა, მაგალითად, ფანჯრების ამოქოლვა. კულტურის მინისტრს კულტურაში რომ ეშლება, არ მიკვირს, მაგრამ სამართლებრივად რომ ეშლება, ეს არის გასაკვირი. როცა ადამიანს ფანჯრებს ჯერ ამოუქოლავ და შემდეგ ეუბნები, იმ ფანჯრებიდან გამოიხედე, ეს არის წამების თანამონაწილეობა. ეს არის წამების ფორმა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ შესაძლოა, შიმშილობა თავადაც დაიწყოს.

„ყველას შიმშილობას ვიხილავთ, თუ ვნახეთ, რომ მომაკვდავი ადამიანი არ გადაჰყავთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ეს ყველაფერი გართულდება. აბა, რა იქნება? ალბათ, გამოვალთ, გარეთ პარლამენტთან დავსხდებით და იქ უკვე ეს სხვა ფორმას მიიღებს, შეიძლება, მჯდომარე აქცია იყოს. ინფორმაცია მაქვს, რომ უნდა გადაიყვანონ. ვიცი, რომ ხელისუფლებაში უფრო ჭკუათმპყრობელები აღმოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ხალხო, რას ვითხოვთ, რა სირცხვილში ვართ? ამას „იმისტობა“ და „ამისტობა“ არ სჭირდება, რომ სამუდამოდ არ დაგვერქვას პრეზიდენტთა მკვლელთა ქვეყანა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.