აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ – ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი მამა ათინოგენე

აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები – მთელ საქართველოს მოვუხმობ, – ამის შესახებ სალხინოს მამათა მონასტერთან მყოფმა მამა ათინოგენემ განაცხადა.

სასულიერო პირების განცხადებით, მონასტერში ჩოხოსნები მივიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.

„აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. რას ვგულისხმობ და აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი,“ – აცხადებს მამა ათინოგენე.

სასულიერო პირების თქმით, მამაოები დილის ლოცვებს ატარებდნენ, როცა „ჩოხოსნები მეუფე სტეფანესთან ერთად შემოვიდნენ და მოჰყვა სპეცრაზმი“, რის შემდეგაც მამაოები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.

ამ დროისთვის სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ჭიშკარი ჩაკეტილია, შესასვლელთან პოლიცია დგას. ადგილზე ასევე იმყოფება განკვეთილი მამაოების ნაწილი. ისინი რეზიდენციის ეზოში შესვლას ითხოვენ.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.