ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას რომ, შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ?! – ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია სააკაშვილზე

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს.

ეპარქია წერს, რომ პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს.

“რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მ. სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას რომ, შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ.

პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს- განურჩევლად”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. როგორც ექიმები, ისევე ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლებას პოზიციას ამ დრომდე არ ცვლის. მესამე პრეზიდენტს მკურნალობისთვის მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობენ, რომელიც მკურნალობისთვის აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.