პენიტენციური სამსახური – სიცრუეა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შევიდა.

უწყების ცნობით, იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.

„განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.