ჩვენ გვაქვს მცირედი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან შედარებით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია – ფასების მატება განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდით – ვასილ ხორავა

ჩვენ გვაქვს მცირედი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან შედარებით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია – ფასების მატება განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდით – ამის შესახებ ,,ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიისთვის თითოეული თეთრის მომატება საწვავის ფასზე არის მტკივნეული.

,,დღეს არსებული ნავთობპროდუქტების ფასები ჩვენს ქსელში არსებითად ასახავს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობპროდუქტების ფასებს. სამწუხაროდ, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში აღინიშნებოდა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებზე მკვეთრი ზრდა, რამაც ბუნებრივია ჩვენს ქსელშიც გამოიწვია ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა. სოციალურ ქსელში არსებული პროტესტი, ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებელი კომპანიისთვის, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოების, კლიენტურის წინაშე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოხდეს ამ ფაქტის და არსებული მდგომარეობის სწორი ახსნა. მინდა განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს არის ზუსტი ასახვა იმისა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე. მთავარი ინდიკატორი აქ არის საერთაშორისო ფასები. დღეს ბაზარზე არის მაღალი კონკურენცია და ვერცერთი კომპანია ვერ იქნება ამოვარდნილი საფასო პოლიტიკიდან. დღევანდელი ჩვენი საცალო ფასები გამოხატულებაა იმისა, თუ რა ფასი ღირს დღეს საწვავი საერთაშორისო ბაზარზე. ბუნებრივია, ჩვენთვის თითოეული თეთრით მომატება არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტი ისახება ბევრი სხვა მომსახურების და პროდუქტების თვითღირებულებაში.

როგორც ვალუტის გადაცვლის პირობებში ერთი ბანკი ვერ დაახურდავებს დოლარს ერთი კურსით და მეორე 20%ით მეტით, ასეა ჩვენი და ჩვენი კონკურენტების ფასები. ფასები ვერ დაცილდება ერთი მეორეს შორს. ჩვენ გვაქვს მცირედი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან შედარებით, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.” – განაცხადა ვასილ ხორავამ.