ერთი ამბავი ჰქონდათ, სააკაშვილი დაუძლურდა, რატომ არ გადაჰყავდათ კლინიკაშიო, ახლა ამბობენ, ძალას მოიკრებს და პროცესს დაესწრებაო, ეს არის ერთი დიდი სცენარი – მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადებაში მკაფიოდ იყო აღწერილი, რატომ ვერ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავად საუბრობენ.

„ერთი ამბავი ჰქონდათ, რომ დაუძლურდა და რატომ არ გადაჰყავდათ კლინიკაში, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ძალას მოიკრებს და სასამართლო პროცესს დაესწრება. იმდენად აბსურდში არიან, თავად ვერ ხვდებიან. თუ ცუდად არის, ვერ გადაადგილდება, მძიმედ არის და კლინიკაში გადაყვანა უნდა, სასამართლო პროცესზე, მით უმეტეს, ასეთ ემოციურ ფონზე პატიმრის დასწრება როგორ შეიძლება? კითხვას ვსვამ ადვოკატებისთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის. ეს არის ერთი დიდი სცენარი – საქართველოში მისი შემოსვლიდან დაწყებული, ახლანდელი პროცესებით გაგრძელებული. გაიხსენეთ, როგორც ხდება ინტერპრეტირება – კი არ შემოიპარა, შემოვიდა, კი არ დააკავეს, არამედ ჩაბარდა. ეს არის-ერთი დიდი აბსურდის ნაწილი, რასაც აქციები ემსახურება. საზოგადოება ვერ დააინტერესეს, რომ მეტი ადამიანი მივიდეს, ყველამ ყველაფერი იცის, ადვილად გასაშიფრია მათი ღვარძლიანი, აღტკინებული საუბარი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა.

ამასთან, სასამართლომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღნისძიება პატიმრობა გააუქმა. პროცესი 29 ნოემბერს განახლდება.