ჯანდაცვის დაფინანსება 200 მილიონით, განათლება 150 მილიონით არის გაზრდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება

„ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში. თუმცა, ლარის სტაბილურობის მიმართულებით, სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვგეგმავთ, რომლებიც ვფიქრობთ, რეალური ეფექტის მომტანი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის დაფინანსება 200 მილიონით, განათლება 150 მილიონით, ხოლო რეგიონული განვითარება 300 მილიონით არის გაზრდილი. 

„დაახლოებით 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების დაფინანსება. 150 მილიონ ლარამდე იზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, რაც როგორც პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, ასევე, პროფესიული ზრდის სქემის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდას და რეფორმით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მოხმარდება. 300 მლნ ლარით მეტია გათვალისწინებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში და დაფინანსება 1.3 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, ჩვენ ბევრად მეტი და რეკორდული რესურსის მობილიზებას ვგეგმავთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება