,,საქართველო მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი – არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის!” – გიორგი ვაშაძე

საქართველო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! – ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი – არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, იქ არიან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო საქართველო – არა, “რაც კატასტროფაა“.

“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების კეთება დაიწყო. ვეკითხები საზოგადოებას, არის თუ არა ეს დიდი თავის ტკივილი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის?! სამწუხაროდ, დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! – გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელისუფლება გაცილებით უფრო სწრაფად შეიცვლება და სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე მას წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს.