,,დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი – გიგა ბოკერია

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვითარება საქართველოს წინააღმდეგ, პუტინის რუსეთის აგრესიის საფრთხეს ზრდის.

„ჩვენ ყველა ვაკვირდებით ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკას, რომელიც წლებია მიმდინარეობს და რომლის ზიანიც გაღრმავდა, ბუნებრივია, ამ ბოლო პერიოდში. უკვე შედეგები გვაქვს – შედგა შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მიმდინარე მოვლენები პუტინის აგრესიის ფონზე, რეაქცია დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს, მისი პოლიტიკა შემდგომში ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, დახმარება ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც ემუქრება საფრთხე და ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინ არ იყო მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. ეს სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ის ამ დაპირისპირებაში პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის ანუ, ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.