სიტუაცია არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის მოხდება მისი მდგომარეობის დრამატული გაუარესება – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღეს გადასხმების გაკეთება შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.

“ჯანმრთელობის მდგმარეობას რაც შეეხება, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორც აქამდე იყო – ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას შესთავაზეს დღეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.