„ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი” – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა მეტროსადგურ „ავლაბრიდან” დაიწყეს 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მეტროსადგურ  „ავლაბრიდან“ ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და მთავრობის გადადგომა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი.

„ბრძოლა უნდა იყოს დაუღალავი, ყოველდღიური, მეთოდურად ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, შეუწყვეტავი იქნება ეს აქციები. რაც უნდა დაკავებული ვიყოთ, მესმის, სამუშაო დღეა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მაგრამ სამუშაო დღე, დაკავებულობა, სხვადასხვა საქმით დაკავება ეს ყველაფერი შესაძლებელია ოდნავ მაინც ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს და არ ვიდგეთ რეალური, რეალურზე უფრო რეალური საფრთხის წინაშე – დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვისა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.