ნიკა მელია: ამ რეჟიმს წილი ნაყარი აქვს, განაცხადი გაკეთებულია, წითელი ხაზი გადაკვეთილია – სახელმწიფო არის, როგორც არასდროს, ოკუპირებული

„ამ რეჟიმს წილი ნაყარი აქვს, განაცხადი გაკეთებულია, წითელი ხაზი გადაკვეთილია. ახლა არანაირი უფლება არ გვაქვს დაღლის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მეტროსადგურ „ავლაბართან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს სახელმწიფო არის, როგორც არასდროს, ოკუპირებული. რეალურად, რეჟიმი, რომელიც მართავს სახელმწიფოს, არის სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი რეჟიმი”.

„როგორც არასდროს ახლოს ვართ წარმატებასთან, მაგრამ სანამ ისტორიულ მონაპოვარზე ვისაუბრებთ და ხელშესახებს გავხდიდეთ ამ ყველაფერს, რასაც თაობები საკუთარ სიცოცხლეს უძღვიდნენ, ჩვენ უახლოეს პერიოდში ადამიანები სიკვდილს გვყავს გადასარჩენი.

ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, რომ დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება.

ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში”, – განაცხადა მელიამ.