თამარ გაბუნია სააკაშვილზე – მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება აღარ დგას – გლდანის დაწესებულებას აქვს ამის შესაძლებლობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის, როგორც რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები და არც პერსონალის კვალიფიკაციასთან არსებობს კითხვები.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე-18 დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა, ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. არსებული დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება კონსილიუმის მიწვევა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„კონსილიუმის წევრებს, რომელიც რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის შეიქმნა, იუსტიციის სამინისტრო მართავდა თითქმის 1 თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში, გლდანის დაწესებულებას აქვს ამის შესაძლებლობა. დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“,- განაცხადა გაბუნიამ.