მიხეილ დაუშვილი „ოცნებას”: თქვენ უკვე ხელისუფლება კი არა, ოპოზიციის ოპოზიცია ხართ

რომ მოგისმინოთ ადამიანმა, განცდა დაგრჩება რომ ქვეყანაში ყველაფერი გადასარევად არის, კოვიდი დამარცხებულია, უმუშევრობის მაჩვენებელი მცირდება, ეკონომიკა იზრდება, ადამიანების კეთილდღეობა უმჯობესდება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ილუზიაა, რომლის შექმნასაც ცდილობთ და სინამდვილე არის ძალიან სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის,  – – ასე მიმართა დღეს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სამთავრობო პარტიის წარმომადგენლებს.

როგორც მან განაცხადა, ინფლაცია ბოლო წლებისთვის რეკორდულია, სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც რეკორდულია.

„სინამდვილე ის არის, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო წლებისთვის რეკორდულია, ინფლაცია ბოლო წლებისთვის რეკორდულია, მაგალითად: ივნისი 9.9, ივლისი 11. 9, აგვისტო 12.8, სექტემბერი 12.3, ოქტომბერი 12.8. კოვიდი რომ ნეგატიურ კონტექსტში რეკორდებს ამყარებს და ყოველდღიურად ათეულობით ჩვენს მოქალაქეს ვკარგავთ. სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც რეკორდულია. ამას პირველად არ ვკითხულობ – აი თითოეული ამ მიმართულებით თქვენი პასუხისმგებლობა რა არის, სად არის და რა გეგმა გაქვთ.“

სამწუხაროდ, ამაზე არანაირ პასუხს არ ვისმენთ. ვისმენთ მხოლოდ რაღაც გაუგებარ, გაურკვეველ დაპირისპირებას სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებით, მეტი არაფერ!. მოქალაქეზე ორიენტირებული დღის წესრიგი და მოქალაქე სად არის დღეს თქვენს ყოველდღიურობაში ეს აბსოლუტურად არ ჩანს, იმიტომ რომ მოქალაქე არ გაინტერესებთ, არ გახსოვთ. გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება.“- განაცხადა დაუშვილმა.

მას ასევე ხაზი გაუსვა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდა წინა წელს პანდემიის სწორად მართვის შედეგია, თუმცა ამჟამად არსებული სურათის სამომავლო განვითარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მმართველი პარტია პოლიტიკურ სტაბილურობას ვეღარ უზრუნველყოფს.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გასული წელი კოვიდი სწორად რომ არ ემართა სწორედ გახარიას, ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიუღწეველი იქნებოდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის, კეთილდღეობის შექმნას სჭირდება პირველ რიგში პოლიტიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სტაბილურობა არის ამ ყველაფრის ფუნდამენტი. პრობლემა ისაა, რომ ოცნება პოლიტიკურ სტაბილურობას ვეღარ ქმნის და ვეღარ განაპირობებს. პოლიტიკური სტაბილურობა უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს ქვეყანაში. პოლიტიკურ სტაბილურობას ვეღარ ქმნით იმიტომ, რომ ამის პოლიტიკური რესურსი და ლეგიტიმაცია არ გაგაჩნიათ და ა პოლიტიკურ სტაბილურობას ეს ყველაფერი სჭირდება, რომელიც თქვენ აღარ გაქვთ.

რიგითი მოქალაქე უბრალოდ დავიწყებულია. თქვენი გეგმები რა არის ამ მიმართულებებით, ადამიანებს აინტერესებთ სწორედ მათი ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი, ქვეყნის განვითარება რა მიმართულებით მიდის. მაგრამ სამწუხაროდ არ გაქვთ ხედვა და არ იცით რა უნდა გააკეთოთ, იცით რატომ? იმიტომ, რომ დღეს უკვე შეიძლება გაფორმებულად ითქვას, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში კი არ არის, ოცნებისგან დარჩა მხოლოდ ოპოზიციის ოპოზიცია. რეალურად თქვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება კი არა, უკვე ოპოზიციის ოპოზიცია ხართ და ეს არის ამ ქვეყნის სამწუხარო რეალობა.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.