თენგიზ ცერცვაძე: მოსწონთ თუ არა, კოვიდ-პასპორტი აუცილებელია – მათ, ვინც არ იქნება სრულად ვაქცინირებული, შეეზღუდებათ გარკვეულ სოციალურ სივრცეებში დაშვება

დარწმუნებული ვარ, კოვიდ-პასპორტი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მოსწონთ თუ არა, გამომიჩნდება თუ არა ოპონენტები და მოწინააღმდეგეები, ამის გაკეთება აუცილებელია. აქ იგულისხმება, რომ იძულებითი ვაქცინაცია არ უნდა იყოს, მაგრამ იქნება ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმი. მათ, ვინც არ იქნება სრულად ვაქცინირებული და ვერ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომელსაც მწვანე კოვიდ-პასპორტს ეძახიან, შეეზღუდებათ გარკვეულ სოციალურ სივრცეებში დაშვება. მაგალითად, ეს არის რესტორნები, გასართობი სივრცეები, სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები და სხვა.

ეს დიდი ხანია, რაც მოქმედებს ევროპისა და ამერიკის ყველა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად ვაქცინირებული არიან, მაგრამ მაინც იძულებული გახდნენ, რომ ამ წესისთვის მიემართათ. საქართველოში ამის გაკეთება აუცილებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ კოვიდ პასპორტი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, რადგან ეს იქნება დამატებითი სტიმული ვაქცინაციის ზრდისთვის. ერთია, როდესაც ეუბნები და მეორეა, როდესაც არავაქცინირებული პირი იგრძნობს გარკვეულ დისკომფორტს. როდესაც ის რაღაც აქტივობას ვერ შეასრულებს – მაგალითად, როდესაც ვერ დაესწრება ფეხბურთის მატჩს ან მეგობრებთან ერთად ვერ შევა რესტორანში და ა.შ. ეს აუცილებლად გაზრდის ვაქცინირებულთა რაოდენობას და, შესაბამისად, შეამცირებს როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობას.