გვჭირდება სულ მცირე 40-50 ათასი ვაქცინირება დღეში, რათა რადიკალური გარდატეხა მოვახდინოთ პანდემიის ზრდაში – თენგიზ ცერცვაძე

მიუხედავად ასეთი საგანგაშო, მძიმე ეპიდსიტუაციისა, მაინც მიმაჩნია, რომ მკაცრი შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება დღეს საქართველოში გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კიდევ ერთხელ მკაცრი რეგულაციების ამოქმედება, ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, რაც, ცერცვაძის შეფასებით, შემდგომში, მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საზოგადოებას არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლომდე გააზრებული არ აქვს.

„დღეს ქვეყანაში შექმნილია ვაქცინაციისთვის ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო ხელშემწყობი პირობები. შემოტანილია განუსაზღვრელი რაოდენობით საუკეთესო ვაქცინა, გახსნილია განუსაზღვრელი რაოდენობის ვაქცინაციის პუნქტები, მათ შორის მოძრავი პუნქტები, ავტობუსები, გამოცხადებულია მარათონი, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები ჩადიან რაიონებში, სოფლებში.

სოფელ-სოფელ დადიან, შემოღებულია მატერიალური წახალისება, თან სერიოზული მატერიალური წახალისება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. 200 ლარი ერთჯერადად, ფაქტობრივად, ეს ერთი თვის პენსიის რაოდენობაა. ამის მიუხედავად, ოდნავ გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, მაგრამ არასაკმარისად. გვჭირდება სულ მცირე 40-50 ათასი ვაქცინირება დღეში, რათა მოვახდინოთ რადიკალური გარდატეხა პანდემიის ზრდაში,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.