უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ლუსტრაციის კანონის მიღებას მოითხოვს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ახლად არჩეულ პარლამენტს მიმართავს და ლუსტრაციის კანონის მიღებას მოითხოვს.

უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის გიორგი თევზაძის მიმართვა ახლად არჩეულ პარლამენტს:

„ რატომღაც ვერც ერთხელ საკანონმდებლო ორგანომ ვერ გაართა თავი ამ მნიშვნელოვანი კანონის მიღებას, სამაგიეროდ როგორ ღიმილის მომგვრელად არ უნდა ჩანდეს 2012 წლის ოქტომბერში ახლად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ პირველივე სხდომაზე მიიღო კანონი „ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვის შესახებ“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურმა ძალამ “ ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და დღეს უკვე თავად ხელეწიფება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ოღონდ ამისათვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც რამდენად აქვს მათ მოღვაწეობის მანძილზე უფრო ნათლად გამოჩნდება.

პროსაბჭოური ქვეყნების უმეტესობამ, რომლებმაც თავი დააღწიეს საბჭოთა იმპერიას და რომლებიც ორიენტირებულნი გახდნენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, თავიანთ ქვეყნებში მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ, რა თქმა უნდა ამ კანონის მიღება არ უნდა ნიშნავდეს და არ უნდა მოიცავდეს ცალკეული პიროვნებების დევნას, თუ დადგინდება მათი კავშირი საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი ინკვიზიციური კანონის მიღებაზე დაუშვებელია.

კანონის მიხედვით სახელმწიფოს და საზოგადოების ლეგიტიმური უფლებაა იცოდეს ცალკეული პირების წარსული, შეიძლება მარტივად აიხსნა ამ კანონის მიღების დანიშნულება და საჭიროება. ქვეყნის ხელისუფლება და სახელმწიფო საქმიანობას დღესაც და მომავალშიც უნდა ახორციელებდნენ ის პირები, რომელთაც არასდროს ჰქონდათ შემხებლობა საბჭოთა სისტემის უშიშროების სამსახურებთან, რაც უდაოდ ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პარლამენტში მომუშავე ფრაქციები წარადგენენ და მიღებენ კანონს ლუსტრაციის შესახებ, რომელსაც წარუდგენენ განსახილველად ფართო საზოგადოებას და საზოგადოების ფართო ფენები მიიღებენ კანონპროექტის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას. ვიმედოვნებ ამ წინადადებას საკანონმდებლო ორგანოს წევრები ერთსულოვნად დაუჭერენ მხარს და მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას ლუსტრაციის კანონის მიღებაში. თუ ქვეყანას სურს განვითარდეს და ევროპულ ღირებულებებს დაუახლოვდეს, როგორც ეს არის გაცხდებული კურსი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი ლუსტრაციის კანონის მიღებაა’’ -აღნიშნულია  მიმართვაში.

კომენტარის დატოვება