საქმე გვაქვს უსერიოზულეს პრობლემასთან, შეცდომის დაშვება და დროის გაწელვა არ შეიძლება!

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მოისმინეს.
სხდომას შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სამგორის მუნიციპალიტეტის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრები – საქართველო“, შპს-ების: ,,დაგი“ და ,,ტრიჯიტი“ წარმომადგენლები და დიდი ლილოს ნასაგურისა და წინაუბნის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მასში კომისიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე შპს ,,დაგი“-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გურამ ტარუაშვილმა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განმარტა, საკანონმდებლო ცვლილების გამო პროექტმა კორექტირება განიცადა, რამაც გეგმა-გრაფიკის მიხედვით გასამართი სამუშაოები შეაფერხა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება და საბოლოო სახეს ერთ კვირაში მიიღებს.

,, სამუშაოები ორი თვის წინ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა შეფერხება და კომპანია აღნიშნულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
საბოლოო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის სწორი ნაბიჯებია გადადგმული და ხარისხიანი შედეგის მისაღებად ეტაპობრივად რიგი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი.

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოებს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დავაკვირდებით. საქმე გვაქვს უსერიოზულეს პრობლემასთან. შეცდომის დაშვებისა და მითუფრო, დროის გაწელვის ფუფუნება ნამდვილად არა გვაქვს!’-განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფისა და კომისიის ჩართულობით, არსებული უმწვავესი პრობლემის მოგვარების მიზნით, მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი თვეში ერთხელ განხორციელდება.