“ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ და ემზადებიან…”

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საარჩევნოდ ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდება.

ყოფილი მინისტრის და აწ უკვე “ოცნების” პროპორციული სიის მეოთხე ნომერი ამბობს, რომ არსებობს კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების დღეს და ასევე მომდევნო დღეებში გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ პროცესის დარღვევებით ჩატარდა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს.

-“მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტზე მინდა გესაუბროთ. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან რომ შექმნან, როგორც ამჟამად ქმნიან და მანამდეც ქმნიდნენ, ცრუ ინფორმაციები, ხოლო ეს ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები.

ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ სქემის, რომელიც ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით “ქართული ოცნების” მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ. დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ – “საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული,” სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ კონსტანტაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.