ნამდვილად არ მჯერა იმ პარტიების პროდასავლურობის, რომლებმაც ამ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს – მამუკა მდინარაძე

ნამდვილად არ მჯერა იმ პარტიების და პარტიის წარმომადგენლების პროდასავლურობის, რომლებმაც ამ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს, დოკუმენტი კი საგულდაგულოდ დამალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც აქციებთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თავის დროზე ამ ხალხს ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.

„იმ პარტიებმა და პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ამ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს, შემდეგ ეს დოკუმენტი საგულდაგულოდ წლების განმავლობაში დამალეს და სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ ამოუვარდათ, მათი კურსების, განსაკუთრებით პროდასავლურობის ნამდვილად არ მჯერა და ვერასდროს დავიჯერებ. მათ მედიასაშუალებებში თითქმის 100-დან 99% ჩემი და ჩვენი თანაგუნდელების განცხადებები იჭრება ხოლმე და ქრება. რატომ? არ უნდათ, რომ საზოგადოების ყველა ფენამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ არის ფაქტი.

თავის დროზე ამ ხალხს ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. მათ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. შემდეგ ამ დერეფნებში დასდევდნენ მათი მედიასაშუალების წარმომადგენლები ადამიანებს, ვინ დაიწყო ომი და იქნებ, ვინმეს რამე წამოსცდენოდა. სამი საათის განმავლობაში უშედეგო მცდელობის შემდეგ რომ ვერ წამოაცდენინებდნენ ხოლმე, თავიანთ ტელევიზიებში ბრუნდებოდნენ და ამ თემაზე სიუჟეტები საერთოდ აღარ გადიოდა, ან თუ რაღაც ინტერპრეტაციის საშუალება ექნებოდათ, ამ ინტერპრეტაციას ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი მათ შორის იმის გარდა, რომ ქართული ოცნების გაშავებას ემსახურება, ემსახურება საკუთარ რეაბილიტაციას ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.