მე-18 დაწესებულების ექიმი – პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ, დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიული განყოფილების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

„გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი, მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას“, – აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, დღეისთვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას.

„მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ, დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე მინდა განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. სხვადასხვა პერიოდში, 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი, ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია მათ გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ნაწილი, რომელთაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები, საჭიროდ ჩაითვალა და გადმოყვანილი იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია“, – განაცხადა ექიმმა.