ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა, სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით – ზურაბიშვილი

ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ, ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ, თუ შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს.

„ახლახანს დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

შევხვდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს, საფრანგეთის, ესტონეთის, ისლანდიის პრეზიდენტებს.

იუნესკო-ში, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ კი, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომელიც თავის დროზე მოვიპატიჟე და სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე გაეცნოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

ეს ყველაფერი, ქვეყნის სახის, ღირსებისა და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას.

„სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.