სერგო ჩიხლაძე – ექიმთა ჯგუფის მიერ ძალიან მძიმე დასკვნა გამოქვეყნდა, დაისვა რამდენიმე დიაგნოზი, რომელიც მანამდე არ იყო დასმული

ძალიან მძიმე დასკვნა გამოქვეყნდა და დაისვა რამდენიმე დიაგნოზი, რომელიც მანამდე არ იყო დასმული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში მაღალი რანგის სპეციალისტები არიან და სამედიცინო წრეებში მათ კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს.

„გუშინ გამოქვეყნდა დასკვნა ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, ესენი არიან სამედიცინო წარმომადგენლები, რომლებიც თავის ფარგლებში ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობენ, ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან, საერთო სამედიცინო წრეებში კითხვაც კი არ არსებობს მათთან მიმართებით, მათ კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ძალიან მძიმე დასკვნა გამოქვეყნდა და დაისვა რამდენიმე დიაგნოზი, რომელიც მანამდე არ იყო დასმული. აქამდე ჩვენ გვესმოდა ხელისუფლებისან, რომ მათ ჰყავდათ სპეციალისტები, პოლიპროფილური გუნდი და ასე შემდეგ. ვნახეთ ასევე დასკვნა, რომ სერიოზული გართულებები არის მოსალოდნელი. დასკვნაში წერია ის, რასაც როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ერიც და ბერიც ამბობს, სააკაშვილი შესაბამისი პროფილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. ძალიან მძიმე დიაგნოზი არ იყო დასმული, სულ რომ აპარატურა წესრიგში იყოს, დიაგნოზს როდესაც ვერ სვამ, ეს უკვე არის დასკვნა, რომ იქ არ შეიძლება მისი გაჩერება. რაღაც ფაციფუცში აპარატურის შეტანა ნიშნავს, რომ კლინიკა არ არის მზად, კლინიკის აწყობას თვეები სჭირდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.