ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის კადრები არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა ასეთ მდგომარეობაში გვინახავს გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თმებით ათრევინა თავი

„კადრების გავრცელებას ითხოვდნენ რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები. იმის გამო, რომ საზოგადოება შეცდომაში არ ყოფილიყო შეყვანილი, მოხდა კადრების გასაჯაროვება”, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძენ მიხეილ სააკაშვილის მე-12 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებაზე საუბრისას განაცხადა

კობახიძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.

„რა თქმა უნდა, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს კადრები ლამაზი სანახავი არ იქნებოდა. ეს იცოდა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ ის კადრები იხილა, რომელიც ნამდვილად არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვინახავს – მათ შორის გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თავი თმებით ათრევინა და მესამედ ახლა, საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში იხილა. ეს არის სააკაშვილის სახე. ლამაზი სანახავი არ იყო ის ქცევა, რაც გამოჩნდა სააკაშვილის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ანტისიმბოლო, ანტისახე, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ეს დღესაც ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.