„მე რომ ასეთ პაციენტს ვმართავდე, მრავალპროფილურ კლინიკაში გადავიყვანდი“ – დავით სერგეენკო სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ, კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან გამართული კონსულტაციის შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

„ჯანდაცვის მინისტრთან იმ საკითხზე არ გვქონია საუბარი, ემხრობა თუ არა იგი სააკაშვილის გადაყვანას. არამედ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მოქმედების ის ტაქტიკა, რომელიც გუშინ საღამოს გვქონდა არჩეული, სწორია.

ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს ამ კონსულტაციების შეჯამება და მის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება.

გორის ჰოსპიტალი სამედიცინო მოვლის კუთხით შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, კონკრეტული აპარატი – ელექტრო მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის არქონა, გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან.

მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.