არ ვართ ბედნიერი საქართველოს მთავრობით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება” ბლოკავდეს საკუთარი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმსახურებს ცალკე რეზოლუციას.

„ჩემი აზრით უნდა შევისწავლოთ ივანიშვილის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მიმაჩნია, რომ ეს რეზოლუცია ზუსტად ამისთვის არის. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი (ივანიშვილის დასანქცირება) იმსახურებს ცალკე რეზოლუციას თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით, მიზეზებით და არ უნდა დარჩეს, როგორც ერთი პარაგრაფი სხვა პარაგრაფებს შორის,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციიდან ნათელია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„პრემიერის მხრიდან ჩვენ ვისმენთ შეურაცხყოფას, მას ნამდვილად არ მოსწონს ევროპარლამენტი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რატომ? თუ ის პროევროპელია და მართლაც სურს, რომ ქვეყანა წავიდეს ევროპის მიმართულებით, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სტანდარტები.

ვიმედოვნებ, რომ რეზოლუციიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მათ ინტერესებს ვიცავთ. სწორედ ამიტომაც არ ვართ ბედნიერი მათი მთავრობით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა მათი მთავრობა ბლოკავდეს საკუთარი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას,” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.