ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არის არამეგობრული ნაბიჯი უკრაინის მხრიდან და ძალიან სამწუხაროა – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის დამოუკიდებელ მცდელობას, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამეგობრულს უწოდებს. ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძე გამოცემა EURACTIV -ის სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს

“ძალიან სამწუხარო განცხადებაა, სამწუხაროდ უნდა ვაღიარო და ვთქვა, რომ ამ ბოლო რამდენიმე თვეში უკრაინის მხრიდან რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადაიდგა, როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას მიმართებით. ესეც არის ერთ-ერთი არამეგობრული ნაბიჯი, ჩვენ და მოლდოველები ყველა შეხვედრაზე, სადაც ჩავდივართ, ყველას ვეუბნებით, რომ სამივე ქვეყანას უნდა მიენიჭოს სტატუსი და როდესაც დღეს უკრაინელები ამბობენ, რომ მხოლოდ უკრაინას უნდა მიენიჭოს და დანარჩენ ორს არა, იმიტომ, რომ მათ შეიძლება ხელი შეეშალოთ, ყველაზე რბილი შეფასებით, ეს არის არამეგობრული ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა.

მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ უფრო მარტივად დაარწმუნონ ევროკავშირის ქვეყნები, რომ ერთ ქვეყანას მიანიჭონ სტატუსი ვიდრე სამს, ალბათ მათი გათვლა ესაა,”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.