„ოღონდ ახლა შენ გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა, ასეთი აღარ ვიქნებიო”, – გია გაჩეჩილაძე სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს.

ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა  პირობა არ შესრულდა და მეორე დღესვე დაირღვა.

„მომინახეს მეგობარი, რომელსაც ჩემთან დაარეკინეს. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე, სააკაშვილთან. მთხოვდა, ოღონდ ახლა შენ გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამ, რაც მოხდა, ასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ ის მინდოდა, ღირსეული პრეზიდენტი ყოფილიყო. ვუთხარი რომ მისი არ მჯეროდა და მოეცა მთელ საქართველოზე ტელევიზიის სიხშირე. მითხრა, კი ბატონოო. მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზე და ხომ იცი, რომ შეგვიძლია, ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი, თან ისე, რომ ხვალ არც არავინ არ გააშუქებს, რა მოხდებაო. მეთქი, კი ბატონო, მომეცი. მაინც გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლისღვრაზე წამეყვანა. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო. სიხშირის მომცემი იყო ახლა ის ჩემთვის?“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ