მურმან დუმბაძე – არ დავიშლებით, ვიდრე სააკაშვილს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა, უკრაინის მოქალაქეს ვმკურნალობთ საავადმყოფოში, თუ რა გვჭირს

არასდროს არ მითქვამს, მიშა მოხვდება საავადმყოფოში და გავჩერდებით, არა. მიშა არ გვჭირდება საავადმყოფოში, მიშა გვჭირდება აქ, გარეთ, მოქმედი პოლიტიკოსი, მოქმედ საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება უნდა მიეცეს.

„კიდევ ერთხელ ჩვენს გონებაში შევუშვათ, არ დავიშლებით, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. უკრაინის მოქალაქეს ვმკურნალობთ საავადმყოფოში, თუ რა გვჭირს? ეს ხომ პოლიტიკური საკითხია, ძალიან მარტივი საკითხი. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, კაცს, რომელმაც დააფუძნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ერგება საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ქალბატონო სალომე, ისრები გადმოვა თქვენკენ, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს საქართველოშივე პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ძალიან მარტივი მოთხოვნაა, ხომ იძახით, არ გვეშინია, ხომ იძახით, გულადები ვართ, ხომ იძახით, ეს ქვეყანა ჩვენი ასაწყობია, მიეცით ადამიანს საშუალება, იმოქმედოს თავისუფლად“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.