მამუკა ხაზარაძე: თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან

ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, ესაა უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.

„მინდა გავაჟღერო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა და თუ „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო.

მინდა, გზავნილი გავუგზავნო ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე შარლ მიშელს, რადგან ეს მიდგომა არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რაც აქამდე იყო, 6 თვის კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ. პირდაპირ გეუბნებით, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები, ამ ქვეყანას ჰქონდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზებული.

თუ ჩვენ გვინდა ხვალინდელი ძლიერი ქვეყანა და გვინდა, შევქმნათ სახელმწიფო, კეთილი ვინებოთ ყველამ, არა მარტო თქვენ, ყველამ, რომ დადებულ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებებს პატივი ვცეთ. თავს არავის მოვატყუებინებთ და არ გაპატიებთ არავინ. ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არავის აპატიებს ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სვლები. ჩვენ აქ მოსული ვართ, რომ ხვალინდელ დღეზე ვიმსჯელოთ და თუ ხელშეკრულების პატივისცემა, შესრულება არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება წეროთ ცალკე, თქვენ თვითონ, ჩვენ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს კონსტიტუციისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად და მოუსმენს და კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს.