დავით სერგეენკო – დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, იმედი მაქვს, ამის ამოქმედება საჭირო არ გახდება

დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ სასურველი იქნებოდა სასჯელის გადავადების შესაძლებლობის განხილვა. მეორე დღეს თქვა, რომ ახლა მთავარია რეფიდინგის პროცესი მიხედილი იყოს, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და ეს უკვე შემდეგი ეტაპის მსჯელობაა, რაშიც ვეთანხმები. ნაწილობრივ პირველშიც, რადგან ჩემთვის პაციენტის ინტერესები ყველაზე მაღალია.

დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება. მკურნალ ექიმს მისი პაციენტისთვის უკეთესი ყოველთვის ენდომება, სხვა ექიმებს ეს არ დაუდასტურებიათ, არ მგონია, აქ რაიმე პოლიტიკური თემა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.