კახა კალაძე: ვამაყობ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო

არ დავმალავ, ამაყი ვარ იმით, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.

„მინდა, გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომისა და ძალისხმევის დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.