მიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე

მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე, – ​ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებამ“ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების ნების და გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი. გუშინ „ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი მაგალითად რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში, ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ოცნებას ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, რომ ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის „ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“ – განაცხადა დაუშვილმა.