მიხეილ სააკაშვილი – არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა, განვითარების ტემპი და „დრაივი”, სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო? მაშინ ერთად დავასრულოთ ის, რაც ახლა ხდება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ქართველ ხალხს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება და ნახა, რომ ხალხი ძალიან გაუბედურებულია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ხალხს მოენატრა სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული, მაშინ ერთად უნდა დაასრულონ ის, რაც ახლა ხდება.

„მინდა, პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას. რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული.

მინდა, გითხრათ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი. თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ, ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.