გია ვოლსკი – სააკაშვილის საუბარს, რომ გირგვლიანის თემა პოლიტიკის „პიარული“ ნაწილია, მდარე თავის მართლებაც არ ჰქვია, ეს უზნეობასთან უფრო ახლოს არის

სააკაშვილის საუბარს, რომ გირგვლიანის თემა პოლიტიკის „პიარული“ ნაწილია, მდარე თავის მართლებაც არ ჰქვია, ეს უზნეობასთან უფრო ახლოს არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დანაშაულები, რასაც სააკაშვილს ედავებიან, თვალხილულია.

“შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა – მესამე პრეზიდენტი მოხვდა განსასჯელის სკამზე, დანაშაულებები თვალხილულია, ეს დანაშაულებები მოხდა. იმაზე საუბარი, რომ გირგვლიანის თემა “პიარული” ნაწილია პოლიტიკისა, საკმაოდ მდარე თავის მართლებაა, ამას თავის მართლებაც არ ჰქვია, უზნეობასთან უფრო ახლოს არის. რუსული თემის ექსპლუატაციას რაც შეეხება, ეს თავის ძველი პოზიციების გადამღერებაა. თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა, რაც სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნა, თუნდაც უკრაინაში მისი საქმიანობა, ეს მოსკოვია და პუტინის ასე ხშირად ხსენება ამ კონტექსტში მის საქციელს არ შეესაბამება. თუ ვინმემ რამე გააკეთა სახელმწიფოში, რათა რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმების რეალიზაცია მოეხდინა, ეს არის სააკაშვილი და მისი გარემოცვის გარკვეული ნაწილი,”- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს“.