სალომე სამადაშვილი – კობახიძეს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მიშელის ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდება ევროპული საქციელია

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ დილეგსა და საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ევროპული საქციელია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდებაც ევროპული საქციელია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის ევროპული სტანდარტი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპისგან უფრო შორს, ვიდრე არის დღეს და ეს არის „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის დამსახურება.

„ირაკლი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო, თურმე, მისი შეხედულებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი ევროპაში საკუთარი განათლებით, მგონია, რომ გერმანიაში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ დაახლოებით 1933-1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რეიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს ამ ევროპაში განათლებულ ადამიანს რა არის თანამედროვე, ევროპული, დემოკრატიული ცივილიზაცია. ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგსა და საპყრობილეში ჩაგდებული ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ევროპული საქციელია. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების ევროპისთვის უკან მიგდება არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და იმის დამტკიცება, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუციის სახალხო დამცველის სახით, რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის სატელევიზიო სივრცეში ტრიალისთვის უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი. ალბათ იმისაც გჯერათ, რომ თქვენი პოლიტიკური პროკურატურა დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის როცა ემუქრება, ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების. ალბათ ისიც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა კოვიდის გავრცელების გამო, 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაში რომ შედის, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე ქვემოთ რომ ვართ, დაბალ ათეულში, ესეც ევროპული სტანდარტია. უცნაური წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის ევროპული სტანდარტი.” – განაცხადა სამადაშვილმა.