დიტო საძაგლიშვილი – მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირა არაერთხელ, ის ფიქრობს, რომ შიშის და უმოქმედობის დრო არ არის, საჭიროა მწყობრი, აქტიური, მშვიდობიანი მოქმედება

იუსტიციის მინისტრს გაუკეთებია განცხადება, იმ შემთხვევაში თუ კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, მიხეილ სააკაშვილი მოხვდება მე-18 დაწესებულებაშიო. მოგეხსენებათ, ასეთი შინაარსის განცხადება ადრეც იყო გაკეთებული, ეს არის მუქარა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საკმაოდ კარგად გამოვიდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილი აგრძელებს მკურნალობას და ჯერჯერობით, მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გადაყვანა არის დაუშვებელი.

„იუსტიციის მინისტრის მხრიდან ეს არის დემონსტრირება, რომ მათ არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და წარსულშიც არაერთხელ მათი ქმედებებით სააკაშვილის სიცოცხლე იყო გაწირული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მუქარას, მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარი სიცოცხლეც გაწირა. ეს გამოჩნდა მისი ჩამოსვლის ფორმასთან, ასევე ორმოცდაათდღიან შიმშილობასთან დაკავშირებით​. ის მზად არის ყველაფრისთვის. ახლა თუ რამის დრო არ არის, ესაა შეშინება და ესაა უმოქმედობა. პირიქით, საჭიროა აქტიური, მწყობრი, მშვიდობიანი მოქმედებები. მისი მოწოდება ქართველი ხალხისადმი ორ დეკემბერსაც იქნება, რომ მშვიდობიანად გააპროტესტონ პოლიტიკური დევნა მიმდინარე პროცესის პარალელურად. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ბუნებრივია მშვიდობიანად, გააპროტესტონ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაში ყოფნა. მან არაერთხელ საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირა და ის ფიქრობს, რომ შიშის და უმოქმედობის დრო არ არის. საჭიროა მწყობრი, აქტიური, მშვიდობიანი მოქმედება. ვისაუბრეთ გამართულ და გასამართ სასამართლო პროცესზე. აღსანიშნავია, რომ სპეცავტომობილი, რომელიც განთავსებული იყო ჰოსპიტალის ეზოში, იქ არ იდგა. სააკაშვილი კმაყოფილი იყო, რომ მას მიეცა საშუალება ამხელა პაუზის შემდეგ მიემართა ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.