,,რამდენი მოქმედება აქვს განხორციელებული პრეზიდენტს, როცა არ არსებობდა წერილობითი თანხმობა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან?! დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი – ,,ქართული ოცნება” ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პროდასავლურ პოზიციას” – ალექსანდრე კობაიძე 

,,რამდენი მოქმედება აქვს განხორციელებული პრეზიდენტს, როცა არ არსებობდა წერილობითი თანხმობა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან?! დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი – ,,ქართული ოცნება” ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პროდასავლურ პოზიციას” – ამის შესახებ უფლებადამცველმა და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა, ალექსანდრე კობაიძემ ექსკლუზიურად ,,ჯიემთივისთან” საუბარში აღნიშნა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუზღუდოს.

,,პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა  კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, არის აქ სამართლებრივი საკითხები და პოლიტიკური საკითხები. თუ კონსტიტუციაში ჩავიხედებით, 52-ე მუხლი ეხება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ამ მუხლში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის პრეზიდენტი თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ უნდა გასცეს თანხმობა. სწორედ, ეს აქვს ხელზე დახვეული ღარიბაშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება უნდა შეუზღუდო, რომ იყოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნებთან.

თუ აქვე ჩავიხედებით, კონსტიტუციის 49-ე მუხლში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსზეა საუბარი, პირდაპირ წერია, რომ ისაა ქვეყნის მეთაური. ,,საქართველოს სახელმწიფო მეთაური“ – შესაბამისად, მას უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა. ამიტომ, ეს უკვე არის პოლიტიკურად ანგაჟირებული შეფასება ,,ქართული ოცნების“ მხრიდან.

მე ვსვამ კითხვას, რამდენი მოქმედება აქვს განხორციელებული პრეზიდენტს, როცა არ არსებობდა წერილობითი თანხმობა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა?!  დარწმუნებული ვარ ასეთი შემთხვევა ბევრია.

ახლა როცა ქალბატონმა სალომემ ღიად გამოხატა თავისი პროდასავლური პოზიცია, ამას შეეწინააღმდეგნენ სახელისუფლებო პარტიის წევრები. ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკურად სხვადასხვა განზომილებაში არიან ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლება. ხოლო, სამართლებრივად როცა  ვსაუბრობთ, წინააღმდეგობაში არ მოდის ეს ყველაფერი კონსტიტუციასთან” – განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ,,მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას“, – ნათქვამია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.