სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილმა ქუჩის პოლიტიკა ინსტიტუციებში გადმოიტანა და ამ კურსს არ შევცვლით

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლას ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ „ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა“. დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ინტერესში არც იყო მოლაპარაკება, მათი სტრატეგია მხოლოდ რევოლუციაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ჩართულობით და დიდი ძალისხმევით მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მე არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგებოდა. ამის საბაბს თავად ოპოზიცია გვაძლევდა. მათ არაერთხელ, სწორედ მოლაპარაკებების პროცესში, რამდენიმე პროვოკაცია განახორციელეს, აღარ ვსაუბრობ მათი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ღია მოწოდებებზე. სტრასბურგის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კი ოპოზიცია საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა. ჩიხიდან გამოსვლის გზას მათ ისევ „ქართული ოცნება“ სთავაზობდა. ევროპამ ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა. ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა ევროპულ ღირებულებებზე და რუსული სცენარი, ქუჩის პოლიტიკა ამჯობინა.

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ მან ქუჩის პოლიტიკა ინსტიტუციებში გადმოიტანა, ქარიზმატული ლიდერები გაწონასწორებული, გონიერი ლიდერებით ჩაანაცვლა. ეს არის მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკა და ჩვენ ამ კურსს არ შევცვლით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.