ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს გაერთიანებაზე თქვენთან, რომლებმაც ხელი მოაწერეთ რეზოლუციას, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში – არჩილ თალაკვაძე

„ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანებაზე, რომლებმაც თავს უფლება მიეცით, ხელი მოგეწერათ იმ რეზოლუციისთვის, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ, თქვენთან, რომლებიც დღეს ყველა საერთაშორისო არხზე, სადაც ხელი მიგიწვდებათ, საკუთარ ქვეყანას ებრძვით და აშავებთ – როგორ შეიძლება თქვენთან გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩემთვის წარმოუდგენელია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენელთა პასუხად განაცხადა.

„აქ იყო საუბარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე და იმ ორდერზე, რომელიც ამ ორგანიზაციის პროკურორმა გამოსცა ოკუპირებული დე ფაქტო რეჟიმის მაღალჩინოსნების მისამართით. მინდა, შეგახსენოთ, რომ აქაც ფარისევლობას მიმართავთ. ჯერ ერთი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ეს გადაწყვეტილებები ვერ დადგებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ხელისუფლების მიერ თანმიმდევრული და დიდი სამუშაო შესრულებული მტკიცებულებების და არგუმენტების მოპოვების, შეგროვების და მათი დამაგრების და გაგზავნის მიმართულებით. ვერ იქნებოდა, მაგრამ ჩუმად რომ გაატარეთ მანამდე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ესეც გვახსოვს, იმიტომ, რომ არც ის არ გაწყობდათ, როგორც აქ არ გაწყობთ სიმართლის აღიარება, თუ რატომ და როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ესეც თქვენი ქვეყნისთვის კი არ გამოიყენეთ, თქვენი იმ ლიდერის, რომელიც დღეს სამართლიანად არის პატიმრობაში, მის გასათეთრებლად გამოიყენეთ და თქვენ გველაპარაკებით კიდევ, რომ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები გაწუხებთ?

გუშინ პრეზიდენტს მორცხვად რომ უკრავდით ტაშს, ესეც არ დარჩენია საზოგადოებას შეუმჩნევლად. რატომ უკრავდით ტაშს მორცხვად იცით? იმიტომ, რომ მან დაგადანაშაულათ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაში და ეს არა მხოლოდ პრეზიდენტმა გააკეთა, მანამდე ევროპარლამენტარებმაც გააკეთეს, როდესაც საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდით. ამიტომ უკრავდით პრეზიდენტს მორცხვად ტაშს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი მოგვიწოდებს თქვენთან გაერთიანებაზე, თქვენთან, რომლებმაც თავს უფლება მიეცით, რომ ხელი მოგეწერათ იმ რეზოლუციაზე, სადაც ქვეყანა დაადანაშაულეთ, თქვენთან, რომლებიც დღეს ყველა საერთაშორისო არხზე, სადაც ხელი მიგიწვდებათ, საკუთარ ქვეყანას ებრძვით და აშავებთ. როგორ შეიძლება თქვენთან გაერთიანება ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩემთვის წარმოუდგენელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.