,,ვინ არის გარანტორი იმისა, რომ თუ ისე არ მოიქცა სახელისუფლებო გუნდი, როგორც იქცევა, საქართველოს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა არ შეექმნება?” – გია ვოლსკი

„წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიდის ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, ჩვენი ოპონენტები არ მოელოდნენ იმ რეალურ სურათს, რომელიც დღეს შეიქმნა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დამოკიდებულება ჰელსინკის საბჭოს მიერ არის აღიარებული და გაცხადებული და იგი აღარ უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს, თუმცა მისივე განცხადებით,  ეს, პირიქით, ოპონენტების ნაწილის გაღიზიანებას იწვევს.

„ჰააგის ტრიბუნალს არ მიმართა სააკაშვილის ხელისუფლებამ და ჰააგის სასამართლოში (გაეროს სასამართლო მაქვს მხედველობაში) წააგეს, რადგან უნიათო და უკვე ვფიქრობ, რომ განზრახულად არასწორი და არასაკმარისი მასალები შეიტანეს. სტრასბურგის სასამართლოც რომ მოვიგეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომ მივმართეთ, ეს გახდა ნაცმოძრაობის შემადგენლობაში ტრაგედიის ტოლფასი, ვინაიდან პრაქტიკულად აღარცერთი გასასვლელი აღარ დარჩათ და ყველაფერი ჩაეკეტათ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, სწორედ მათი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ქმედების გამო საქართველოს, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, შუბლში აქვს დამიზნებული ოკუპანტის ტანკის ლულა.

„ამ ვითარებაში ადამიანები მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას, ჩაებას ისეთ ბრძოლაში, სადაც იარაღი არ ექნება ხელში, ხოლო ვისაც ხელში იარაღი აქვს, იქნებ მეტი ზარალიც მიაყენოს ქვეყანას“, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან კითხვით მიმართა ოპოზიციას: ვინ არის გარანტორი იმისა, რომ თუ ისე არ მოიქცა სახელისუფლებო გუნდი, როგორც იქცევა, საქართველოს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა არ შეექმნება?

„გადავხედოთ სიტუაციას, რა ხდება ჩენს თავს და რეალურად სად ვართ. ჰელსინკის საბჭო რატომ უნდა აანალიზებდეს სიტუაციას გაცილებით უფრო სიღრმისეულად და პროფესიონალურად, ვიდრე თუნდაც ჩვენი პრეზიდენტი?“-  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.